ექსკლუზივი: შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი - კადრებში სავარაუდოდ "კაწრო" ფიგურირებს 

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის - სკანდალური მტკიცებულებები "მთავარი არხის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს. 

მრავალტომიანი საქმის ერთ ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ სწორედ "კაწრო" ჩანს, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

"მთავარის" მოპოვებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის, ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კადრები, სადაც სავარაუდოდ "კაწრო" ჩანს, ტელევიზიებს აქამდე არ გაუვრცელებიათ და აქამდე გავრცელებული მასალა, რომელიც დიდუბეში ამირხანაშვილის გადაადგილებას ასახავს, იმიტაციაა. 

გარდა ამისა, "მთავარი არხის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მესამე მანქანაც, მიკროავტობუსის ტიპის,  სადაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის წყალში აღმოჩნდებოდა, იყო დასვენებული.

ეჭვი ამის თაობაზე დღეს ერთ ერთი დაკავებულის, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილის ადვოკატმაც გამოთქვა:

4 დღე ეძებეს და ეს ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა იმის ეჭვი, რომ არ გამოვრიცხეთ, რომ შესაძლებელია 4 დღე და ღამე წყალში არ ყოფილიყო, ან მე-2 დღეს ან მე-3 დღეს სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს სცოდნოდა სად იყო ეს მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვების გაგვიჩნდა, რომ მაგალითად, მკერდზე ზეწოლის კვალი ჩანდა აშკარად და ამაზე ექსპერტიც საუბრობს. ვიღაცა შეეცადა, რომ გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა, პირდაპირი გულის. ამ დროსაც დაზიანება ხდება გულ-მკერდის და შეიძლება ჰემატომური რაღაც გამოიწვიოს - ამბობს გიორგი ყიფშიძე

ნიკა გვარამიას განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ სანდო წყაროებიდან არის, თუმცა მტკიცებით ფორმაში რამის თქმა შეუძლებელია.

მისივე თქმით, სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი არის თუ არა "კაწრო" ის პირი, რომელიც მიკროავტობუსიდან გადმოდის. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდას ხელში ტელეფონი უჭირავს, შესაბამისად ანძების საშუალებით მარტივი დასადგენია, იყო თუ არა იმ ღამეს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო დიდუბეში და შეხვდა თუ არა ის გური ამირხანაშვილს.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხი" ამით არაფერს ამტკიცებს და სვამს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას ჩნდება.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი