
სოსო გოგაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი გაჩნდა - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ძალადობაში ადანაშაულებს. თია მარტყოფლიშვილი ამტკიცებს, რომ 16 ივლისს მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შალვა ბედოიძე იყო და სწორედ ის უსწორდებოდა გოგაშვილს ფიზიკურად.
სპეცოპერაციის დეტალებს თია მარტყოფლიშვილი ახლა გამომძიებელს უყვება. საათზე მეტია მას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კითხავენ.
თია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირებს სამართლებრივად უფლება არ ჰქონდათ, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიეღოთ, ვინაიდან უკვე არსებობდა ჩხრეკაზე განჩინება და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები და გამომძიებლები უნდა ყოფილიყვნენ.
"ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ასევე, ბედოიძეც, დვალიშვილიც და პაპუნაც. რა საჭიროება მოითხოვდა ამათი იქ ყოფნა? მათ თავისუფლად შეუძლიათ, ანძები ამოიღონ და დამიმტკიცონ, რომ იქ არ იმყოფებოდნენ",- ამბობს თია მარტყოფლიშვილი.
გოგაშვილების უფლებადამცველი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მძიმე ემოციური ფონის შემდეგ, თია მარტყოფლიშვილს სპეცოპერაციის დეტალები თანდათანობით ახსენდება და იხსენებს იმ პირებს, ვინც სპეცოპერაციის ღამეს, მათ სახლში იმყოფებოდნენ. ადვოკატი დასახელებული პირების გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს.
თია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ უკანონობა მმართველი პარტიის დაკვეთით მოხდა, გამოკითხვას ფორმალობას უწოდებს და ოჯახი ახლა სტრასბურგის სასამართლოსთვის ემზადება.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.