შაქარაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეები - პოლიტიკოსები პარალელებს ავლებენ

გამოქვეყნდა:

საზოგადოებამ პირველივე დღეებიდან არაერთი პარალელი გაავლო გიორგი შაქარაშვილის საქმესა და ხორავას ქუჩის მკვლელობებს შორის, რამაც კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში საგამოძიებო ორგანოების სანდოობა.

პოლიტიკოსების აზრით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანი დაგროვდა. აღსანიშნავია "მთავარი არხის" მიერ გასაჯაროებული ვიდეო ჩანაწერიც, რომელშიც მესამე მანქანა გამოჩნდა და რაზეც გამოძიებას ყურადღება აუცილებლად უნდა გაემახვილებინა.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეში პრობლემური იყო დეტალების ხელოვნურად მიჩქმალვა, ვინაიდან მასში ჩართულნი იყვნენ მთავრობის მაღალჩინოსნები, როგორიც გახლდათ მირზა სუბელიანი.

პოლიტიკოსები შაქარაშვილის საქმის მიუკერძოებლად გამოძიებას მოითხოვენ, რათა აღარ გახდეს საჭირო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა.

რამდენიმე სისტემური პრობლემა ჩანს, როგორც "ხორავაზე", ასევე შაქარაშვილის საქმეზე. პირველი, ეს არის თავისიანების სრული დაუსჯელობა... თავისიანები როდესაც ჩადიან ღია დადასტურებულ დანაშაულს, ისინი არასდროს არ ისჯებიან. მეორე, ეს არის გადაჯაჭვულობა კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რასაც იყენებენ არჩევნების დროს და ესეც არაერთხელ გვინახავს, - ამბობს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების დროს მომხდარი არც ერთი გახმაურებული საქმე ბოლომდე არ იქნა გამოძიებული. 

ყველა გამოძიება იწყება ერთი ამოსავალი მიზნით: რა აწყობს ხელისუფლებას... მიზანი არის ხელისუფლების სასარგებლო სცენარითა და გზით მოვლენების განვითარება, - დასძენს გოცირიძე. 

"ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას შაქარაშვილის საქმეში ფურგონის ეპიზოდის გამოძიების მნიშვნელობას უთმობს. მისი აზრით, აუცილებელია დადგინდეს, საგამოძიებო უწყებებს გამორჩათ აღნიშნული ეპიზოდი თუ განგებ მიჩქმალეს.

ამ საქმეში უკვე იმდენი კითხვის ნიშანი ჩნდება, რომ შეუძლებელია ამდენი რამ ხდებოდეს შეცდომით, - განმარტავს ნაცვლიშვილი.

პოლიტიკოსების თქმით, შაქარაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა ნაადრევია. მიუხედავად ამისა, თუ არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცა, შემდეგი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი