რამდენი ვიდეო კამერა იღებდა ადგილს, სადაც ამირხანაშვილი ჩამოსვეს - ახალი დეტალები საქმეში

გამოქვეყნდა:

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში, რომლის გაქრობასაც გამოძიება ცდილობს - 19 ივნისის საბედისწერო ღამეს, როგორც შემთხვევის ადგილზე, ისე დიდუბეში, სადაც "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანამ ამირხანაშვილი დატოვა, სავარაუდოდ კიდევ ერთი ავტომობილი ფიგურირებდა, რომლისთვისაც გამოძიებას ყურადღება არ მიუქცევია. დიდუბეში, სადაც "ქამრიმ" ამირხანაშვილი ჩამოსვა, რამდენიმე წუთში ჩერდება უფანჯრო, თეთრი მიკროავტობუსი, იქიდან გადმოდის მამაკაცი, რომელიც კამერებისგან მოშორებით ხვდება მცხეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდას.  

ისმება კითხვები, რატომ გააქრეს საქმიდან მესამე მანქანა, ვინ არის პირი, ვინც ამირხანაშვილს კონსპირაციულად ხვდება, არის თუ არა ეს საკვანძო მოწმეზე ზეწოლა და რატომ არ აქცევს ამ ყველაფერს გამოძიება სათანადო ყურადღებას.

ადგილი, სადაც ამირხანაშვილი დიდუბეში ჩამოსვეს, "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურთანაა და ამოღებულია მხოლოდ ამ სადგურის ერთერთი კამერების ჩანაწერები, მაშინ, როდესაც, სავარაუდოდ, ამ ხალხმრავალ ადგილს რამდენიმე სხვა კამერაც იღებდა. მარტო "ლუკოილის" სადგურზე 4 ვიდეო კამერაა. გზის გაყოლებაზე სხვადასხვა მაღაზიების ვიდეო კამერებია დამონტაჟებული, მათ შორისაა, "აგროვიტას" ორი კამერა იმ მიმართულებით იყურება, სადაც პირი თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და ამირხანაშვილისკენ გაემართა. გზის მეორე მხარეს მდებარეობს ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც დამონტაჟებულია ჭკვიანი, ახლო ხედვის კამერა, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო ამირხანაშვილისკენ მიმავალი ადამიანის სახის დანახვა. ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშიც რამდენიმე კამერაა, რომელიც ამირხანაშვილისა და უცნობი პირის შეხვედრის ადგილს უყურებს. 

"მთავარის" ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩნდება ეჭვი, რომ ეს პირი, რომელიც ამირხანაშვილს ხვდება, არის ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", ან მისი მეგობარი, თუმცა გამოძიებას ზემოთ აღნიშნული კამერებიდან არც ერთის ჩანაწერი არ ამოუღია.  

საქმეში ჩართული ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი ამირხანაშვილის სტატუსი, შესაძლოა, შეიცვალოს. 

მესამე მანქანა მონაწილეობს ამ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია, ბევრ რამეს შეცვლის, განსაკუთრებით შეცვლის კითხვებს დაზარალებულის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, რომ ამ ადამიანმა თქვას სიმართლე, თუ ეს ადამიანი სიმართლეს იტყვის და აღმოჩნდება, რომ რაღაც მიზეზის გამო რაიმეს მალავდა, შეიძლება იყოს ახსნადი და გაგებადი, მაგრამ თუ ის ეწინააღმდეგებოდა ჭეშმარიტების დადგენას, არ გამოვრიცხავ მის პასუხისმგებლობის საკითხს, - ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე. 

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე მოითხოვს, რომ პირი, რომელიც ამირხანაშვილს ესაუბრება, აუცილებლად უნდა იყოს გამოკითხული. 

რაც შეეხება, თუ კარგად დავაკვირდებით კადრებს, ეს პიროვნება, რომელიც ჯერ არ არის გამოკითხული და მისი იდენტიფიცირება არ არის გაკეთებული, ჩანს, რომ ტელეფონს აძლევს ბატონ გურის და რა მიზნით აძლევს, რატომ აძლევს, ამაზე პასუხი არ არის, რადგან თვითონ გური არ საუბრობს ამაზე, - ამბობს კობაიძე. 

შეგახსენებთ, რომ ვიდეო კადრები, რომელშიც საქმის ახალი ფიგურანტი ავტომანქანა და უცნობი პირი ჩანს, გუშინ, "მთავარის" ეთერში გავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი