
შაქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, მესამე მანქანა და აქამდე უცნობი კადრები საგამოძიებო მასალებიდან - ვინ არის ის უცნობი პირი, ვინც თბილისში დაბრუნებულ გუკა ამირხანაშვილს ხვდება და რაზე ესაუბრება ის საკვანძო მოწმეს 4 წუთის განმავლობაში?
ახალი მანქანისა და უცნობი ფიგურანტის გამოჩენის შემდეგ კითხვებს დაკავებულების ადვოკატებიც სვამენ. მათი თქმით, ვის შეხვდა და რაზე ელაპარაკებოდა ამირხანაშვილი თეთრი ფურგონიდან გადმოსულ მამაკაცს, ყველაზე მარტივად პასუხის გაცემა ამ კითხვაზე თავად საკვანძო მოწმეს შეუძლია.
"მთავარი არხი" დეტალების გასარკვევად ამირხანაშვილს სახლში ეწვია, თუმცა კარი არავინ გააღო, მიუხედავად იმისა, რომ ბინიდან ხმები გამოდიოდა.
ადვოკატები აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ამირხანაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და არ არის გამორიცხული საკვანძო მოწმის სტატუსის შეცვლაც.
მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება და როგორც ჩანს, ამირხანაშვილი არის ის ერთადერთი უახლოესი მეგობარი შაქარაშვილის, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.
ადვოკატი დავით ჭიკაიძე აღნიშნავს, რომ საქმის წვრილმანი დეტალებიც კი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული, ვინაიდან საქმეში არსებული ყველა საკითხი მნიშვნელოვანია.
განცხადება გააკეთა გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამაც. მირიან ნიკოლაძის თქმით, გამოძიებამ საქმის ფიგურანტი ყველა პირი გამოკითხა. რაც შეეხება ამირხანაშვილის სტატუსს, ის ვერ ხედავს მისი ბრალდებულად ცნობის საფუძველს.
ყოველთვის შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ერთი სტატუსიდან მეორეში გადავიდეს, მაგრამ კონკრეტულად ამირხანაშვილთან დაკავშირებით, რა საფუძველი უნდა იყოს, ჯერჯერობით არ ვიცი, - განმარტავს ნიკოლაძე.
აღსანიშნავია, რომ როდესაც გავრცელებულ ჩანაწერში გურამ ამირხანაშვილი გადმოდის ავტომობილიდან და გზის გადასაკვეთად მიემართება, ის ხედავს თეთრ მიკროავტობუსს. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამირხანაშვილმა წინასწარ იცის, რომ მიკროავტობუსი მისკენ მიემართება. ეს დეტალი, ცხადია, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ისედაც ბუნდოვან საქმეში.