რომან რაფიკოღლუ, ვალიკო ჯეირანაშვილი, ელიკ ალიფაშაოღლუ, დონბა ბაბაოღლუ და ელვინ ნაზიმოღლუ - გარდაბანში, 31 წლის კაცის მამა იმ პირების ვინაობას ასაჯაროებს, რომლებიც, მისი თქმით, მისი შვილის ცემაში მონაწილეობდნენ.
დაზარალებულის მამამ პირელი კომენტარი "მთავარ არხთან" გააკეთა და მისი ვაჟის ცემაში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვა.
ჩემი შვილი უდანაშაულოდ არის ნაცემი. ის ახლა საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაშია. ჩხუბის საღამოს მე თვითონ დავითვალე 15-მდე მანქანა, რომელიც სოფელ ნაზარლოში ჩამოვიდა. ჩემი შვილი კი კაფეში უგონოდ, სისხლის გუბეში ვიპოვე. უკვე კომაში იყო. რკინით სცემეს უმოწყალოდ. ვიცი, რომ ჩემი შვილის ცემაში ხუთი პირი მონაწილეობდა. რომან რაფიკოღლუ, ვალიკო ჯეირანაშვილი, ელიკ ალიფაშაოღლუ, დონბა ბაბაოღლუ და ელვინ ნაზიმოღლუ, თუმცა დაპირისპირება რამდენიმე დღით ადრე, გარდაბნის სხვა კაფეში დაიწყო, - ამბობს ნაცემი კაცის მამა, ქამანდარ ჰუსეინოვი.
ნაცემი 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. პაციენტის მამა ამბობს იმასაც, რომ მისი შვილი ქუჩური გარჩევის შემთხვევითი მსხვერპლია. მანამდე კი ოპოზიციამ, ინციდენტში მონაწილე მთავარ აგრესორებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ამოიცნო.