
რა კავშირი აქვს ავთანდილ ბილანიშვილს 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან - ამ საკითხით შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ "მთავარი არხის" ეთერში გასული კადრების შემდეგ დაინტერესდა. ეს არის მასალა, რომელიც საგამოძიებო უწყებამ საქმის მასალებიდან გააქრო ან გამორჩა. ახლა ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ უნდა უნდა დაადგინოს, არის თუ არა თეთრ პერანგში გამოწყობილი პირი ე.წ ''კაწრო", ასევე რა როლი შეასრულა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამით ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარმა და დაკავებული მორაგბეების სავარაუდო მფარველმა.
საგამოძიებო მასალიდან მოპოვებულ ახალ კადრში შაქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი ყველაზე უკეთ ჩანს. გამოძიება დუმს, ჩვენ კი არ ვიცით, ვინ არის პირი, რომელიც თეთრი ფურგონიდან გადმოდის და ოქროს მოწმეს მიჰყვება. ახალმა კადრებმა გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, დაუდგენელი პირი გური ამირხანაშვილზე ზეწოლას ახდენდეს. საეჭვოა ისიც, რომ საქმის მასალებში არაფერი წერია 4-წუთიანი დიალოგის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას ახალი ვერსია გაუჩინოს. ვინ არის საქმის ახალი ფიგურანტი და რაზე ესაუბრა მას - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე გური ამირხანაშილს შეუძლია, თუმცა მას კამერებთან გამოჩენა გაურკვეველი მიზეზით არ სურს.
კადრში კარგად ჩანს, როგორ გადადის გური ამირხანაშილი თეთრი მიკროავტობუსის დანახვაზე გზის შუაგულში. ავტომობილი არ ჩერდება, ამირხანაშვილი ხვდება, რომ ეს სხვა მიკროავტობუსია და უკან, ტროტუარზე ბრუნდება. მისი ეს ქმედება აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამირხანაშვილმა წინასწარ იცოდა, რა ტიპის ავტომობილით და ვინ მიაკითხავდა. გური პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროს წინ ჩერდება, სადაც რამდენიმე წამში, მეორე პირი მოდის. სახელმწიფო უწყების შიგნით დამონტაჟებულმა კამერებმაც ბევრი უნდა იცოდეს ამ შეხვედრის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს ჩანაწერები ამ დრომდე არ ამოუღიათ.
დიდუბის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ამირხანაშვილისა და ჯერ დაუდგენელი პირის
შეხვედრის დეტალები სხვადასხვა ობიექტზე დამონტაჟებულ კამერებს განსხვავებული რაკურსით აქვთ გადაღებული. თუმცა, გამოძიება ამ მასალებით ჯერ არ დაინტერესებულა.
კადრები, რომელიც გასაჯაროებული მასალიდან საგამოძიებო უწყებამ გააქრო, "მთავარმა არხმა" გუშინ აღმოაჩინა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ან მის მიერ გაგზავნილი ადამიანი იყოს. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ ფურგონის ტიპის ავტომობილი შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა. მოგვიანებით კი ტერიტორია იმ მიზნით გადაწვეს, რომ მტკიცებულებები გაექროთ.
ტერიტორია, რომელიც გადაიწვა, გური ამირხანაშვილის სამალავი იყო. ცეცხლი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ჩანს, მხოლოდ დღეს დაიწყო. გადამწვარ ტერიტორიაზე კითხვები ადვოკატებს რამდენიმე დღის წინ გაუჩნდათ. უფლებადამცველები ახლა ახალი გარემოებების შესწავლას და ყველა იმ პირის გამოკითხვას ითხოვენ, რომელიც საქმეში ფიგურირებს.
შეცვლილი ჩვენებებისა და ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო, საქმის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გურამ ამირხანაშილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და პროცესი ჩიხში შეჰყავს. ამის გამო, იურისტები არ გამორიცხავენ, რომ ამირხანაშვილს დაზარალებულის სტატუსი ჩამოერთვას და ძიება განსხვავებული მიმართულებით დაიწყოს.
კიდევ რას მალავს საგამოძიებო უწყება, უცნობია. თუმცა, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება და კიდევ უფრო მძიმე მუხლები გაჩნდება, რაც დამნაშავეთა წრეს გააფართოებს.