ექვსი ივლისის ტრაგედია აღმაშენებლის 106 ნომერში კარგად ახსოვთ. ღამის 11 საათზე ეზოში შემზარავი ხმა გაისმა, მეზობლებმა სახურავიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 28 წლის ვახტანგ გულუა მეგობარ უკრაინელ გოგონასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. თვითმხილველებმა ამ დრომდე არ იციან, უძღვოდა, თუ არა ტრაგიკულ შემთხვევას მეგობრებს შორის კონფლიქტი.
სისხლის კვალი ტრაგედიის ადგილიდან უკვე წაშლილია - სამართალდამცავებმა წყლით გადარეცხეს, სწორედ ის ადგილი, სადაც 28 წლის მამაკაცი ეგდო. აღმაშენებლის 106-ში, სადაც გარდაცვლილს სახლი ჰქონდა ნაქირავები, უკვე დაკეტილია, იქ არც მისი მეგობარი ლუბა საავა აღარ ცხოვრობს. დღეს, პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს ყველა ის პირი, რომელმაც უნდა იცოდეს, ვახტანგ გულია უბედური შემთხვევის მსხვერპლია, თუ ის სახურავიდან გადმოაგდეს. პოლიციის განყოფილებიდან გამოსულ თვითმხილველებს მომხდარზე საუბარი არ სურთ, დუმს თავად საავა და მისი უკრაინელი მეგობრები.
ტრაგიკული შემთხვევის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ვახტანგ გულუას
და გამოძიების პროცესში მთელ რიგ უზუსტობებზე საუბრობს. ანა გულიას მტკიცებით, მის ძმას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ქალაქური ეზოს ბოლო სართულიდან გადმოაგდეს. გარდაცვლილის ოჯახის ეჭვებს კიდევ ერთი გარემოება ამყარებს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, დამტვრეული აქვს კიდურები და დაზიანებული აქვს თავის ქალა. ყელის არეში კი მძიმე დაზიანები აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ გულუა მეგობარ გოგონასთან ნაჩხუბარი იყო, გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, ტრაგედიის დღეს ახალგაზრდა მასთან შესარიგებლად მივიდა, აღმაშენებლის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში, ლუბა საავასთან ერთად სახლში გოგონას სხვა მეგობარიც იმყოფებოდა, რომელთანაც შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აივნიდან გადმოვარდა.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, პარალელურად კი ოჯახი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, იმისთვის რომ დადგინდეს, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევითობამ იმსხვერპლა თუ მოკლეს.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ემა გოგოხია