17 წლის ნინი სარალიძის გარდაცვალების საქმე, შესაძლოა, თავდაყირა დადგეს. რამდენიმე დღის წინ,
წყალტუბოს ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობაში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
დაკავებულია გარდაცვლილ მოზარდთან ერთად მიტოვებულ ნაგებობაში მყოფი ერთ-ერთი მეგობარი, რომელმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. დაკავებულის ადვოკატის, ნინო შვანგირაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანია და შესაბამისად, მედიასთან დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
მომხდარის ვერსიაში ეჭვი ეპარება გარდაცვლილის ოჯახს. "მთავარი არხი" დღეს ნინი სარალიძის დედას ესაუბრა. ამბობს, რომ გამოძიებასთან კითხვები აქვს, თუმცა ჯერ-ჯერობით მის დასრულებას ელოდება. დაღუპულის დედა ამბობს იმასაც, რომ თუ გამოძიება არასწორად წარიმართება, მედიასთან ვრცელ კომენტარს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 1-ელ ივლისს, წყალტუბოში, მიტოვებული შენობის მესამე სართულზე დაფიქსირდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა.