თელავის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან", რომელსაც ოჯახში ძალადობას ედავებიან, დაკავებულია. მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელი სახლიდან "კალაშნიკოვის" სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის აღძრული. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გრემელაშვილი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა გრემელაშვილის დედაც. შვილები კი, რომლებიც სავარაუდოდ, ნაცემები არიან, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. დედა და ბავშვები ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები.