დანიშვნისას მთავარი კრიტერიუმი კლანისადმი ერთგულება იყო - ყოფილი მოსამართლე

გამოქვეყნდა:

ყოფილი მოსამართლე, ანა ღელეყვა, რომელიც ახლა ამერიკაში ემიგრანტია, ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგთან" ინტერვიუში ყვება, სასამართლო სისტემაში არსებული კლანისა და მათი გავლენების შესახებ.

ის ამბობს, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად არაერთ მოსამართლეს აქვს მიღებული მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში, თუმცა ამას გადანიშვნის დროს არ ითვალისწინებდნენ. მისი თქმით, მთავარი კრიტერიუმი კლანისადმი ერთგულება იყო.

"მე ეს პირდაპირ მითხრეს. როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო?

ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. 

აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი?  სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო - მომიგო. - მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი", - ყვება ყოფილი მოსამართლე. 

მისივე თქმით, საქმე ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსამართლე ლევან თევზაძის არჩევას. მეორე კანდიდატად კი გასიტაშვილი იყო წარდგენილი.

ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ორივე კანდიდატურის მხარე წინასწარ სიებს ადგენდა და სამსახურში "საარჩევნო კამპანიას" ატარებდნენ. 

"რადიკალურ ცვლილებებს პოლიტიკური ნება სჭირდება. ზოგჯერ ვფიქრობ, ბოლომდე გააზრებული რომ ჰქონდეთ, რას ნიშნავს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, ამას როგორ იზამდნენ? რატომ არ იზრუნებდნენ სასამართლოს მიმართ ნდობაზე?!" - ამბობს  ანა ღელეყვა.

ყოფილი მოსამართლე ყვება, რომ "კლანი" არ დაუშვებს ისეთ ნაბიჯს, რაც დანაშაულის შემადგენლობას შექმნის. ანა ღელეყვა, ასევე, ამბობს, რომ სასამართლოებში თავმჯდომარეები მოსამართლეებთან პირისპირ თათბირებს ატარებენ მათ მიერ განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი