
საქმეში არსებული შეუსაბამობების დასადგენად საგამოძიებო უწყებას კიდევ უფრო ნაკლები დრო რჩება. ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ უნდა დაადგინოს ძირითადი ხარვეზები. არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს. საქმეს ახალი ზედამხედველი პროკურორები ჰყავს, გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა, რომლებიც 20 ივნისის საქმეშიც ფიგურირებდნენ.
შაქარაშვილის საქმეში ჩართულ ადვოკატებს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ, რადგან საქმეში უკვე ბევრი განადგურებული მტკიცებულებაა. ისინი ვარაუდობენ, რომ ამის გამო ცენტრალური კრიმპოლიც ვერ დადგება სწორ კვალზე.
ვადები პროკურატურამ დაუწესა იმ უწყებას, რომელსაც ეწერა ეს საქმე, ფაქტიურად, ასე ვთქვათ, ეს ვადები ამ წუთისთვის განულებულია, წარმოება წამოიღო საქმის კრიმპოლმა, აქ იმ ვადის ათვლა არ მგონია აქტუალური იყოს. აქამდე რაც იყო დაშვებული შეცდომები გამოძიებაში, ეს რამდენად გამოსწორებადია, ამას მომავალი გვაჩვენებს, მოლოდინი რომ გითხრათ მაქვს მეთქი, არა, - ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.
საქმის ფიგურანტ ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებებზე, რომელმაც ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები მისცა და გარკვეული ფაქტები დამალა, ადვოკატი ამბობს, რომ იგი პირველად გამოკითხეს, შემდეგ კი უკვე კითხვა პასუხი და დაზუსტება იყო. მის სისხლის ლაქიან პერანგზე ადვოაკტი აცხადებს, რომ ახვლედიანმა პერანგი ოჯახის წევრებისთვის ნერვიულობის ასარიდებლად დამალა და არ ფიქრობდა, რომ საქმის მტკიცებულებას ანადგურებდა.
ახვლედიანი პირველ წამებში იყო იქო, არ არის სწორი, შემდეგ გამოჩნდა ახვლედიანი, როცა ყველაფერი დაწყნარდა და აშოშმინებდა მათ. როდესაც მე ვაშოშმინებდი და ვაშველებდი, იქ ხომ ერთი არ იყო, ბევრი იყო, შეიძლება მომხვდაო, - ამბობს ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი.
მისი თქმით, პერანგი ახვლედიანს ხიდზე ჩახვევისას, ბუჩქებში ჩასვლისას დაეხა, რადგან ეს ეკლიანი ბუჩქები იყო და პერანგიც იქ დაიხა და დასისხლიანდა.
საქმის სხვა ფიგურანტების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ჩხუბში არ მონაწილეობდნენ და დაპირისპირებასთან შეხება არ ჰქონიათ. უფლებადამცველი გიორგი ფოფხაძე ხაზს უსვამს, რომ საქმის მასალების ჟურნალისტებისთვის პირდაპირ მიწოდება არის არაეთიკური.
განადგურებული მტკიცებულებების და შეცვლილი ჩვენებების ფონზე ამ საქმეზე კრიმინალური პოლიცია შეჭმარიტების დადგენას შეძლებს თუ არა, დღეს ძნელი სათქმელია. გამორიცხული არ არის, რომ დაკითხვების სერია აქტიურ ფაზაზე გადავიდეს.