შაქარაშვილის საქმე - ფეხბურთელის გაუჩინარების შემდეგ წვეულება თემქაზე გაგრძელდა

გამოქვეყნდა:

19 ივნისის ღამეს ნარეკვავიდან წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მისი მეგობრები გაბეჩავას ნათესავის სახლში, თემქაზე შეიკრიბნენ - შაქარაშვილის საქმეში გაჩნდა ახალი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ საქმის მოწმეები გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევენ.  

ირკვევა, რომ დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს, გაბეჩავა ჩაჯდა მანქანაში, სადაც იჯდა მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად. მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა ადეიშვილი, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი. ყველანი წავიდნენ თემქაზე, ადეიშვილების ბინაში.

ბინაში ასევე იმყოფებოდა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებდა სტუმრებს. არსებული ფოტოების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ ბრეგვაძეს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, რომლის შემდეგაც იაკობი თბილისში პოლიციამ წამოიყვანა. საბოლოოდ კი ის თემქაზე აღმოჩნდა. მიუხედავად, ამისა, ბრეგვაძე თავის ჩვენებებში ამ ეპიზოდის შესახებ არაფერს ამბობს.

გამოძიება აღნიშნულ დეტალებზე არაფერს ამბობს, ბრეგვაძე კი ირწმუნება, იგი პოლიციამ დიღომში ჩამოსვა და პოლიციის თანამშრომლებთან გამომშვიდობების შემდეგ სახლში წავიდა.

ისმება კითხვა, მოუყვა თუ არა ბრეგვაძე სხვა თანატოლებს ყველაფერს, რამდენი ბიჭი დარჩა მცხეთაში და სად გაქრნენ ? ზუსტად რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხათ ჯერ "მერსედესის", შემდეგ კი "ტოიოტას" შემადგენლობა? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ?

თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იცოდნენ იაკობისგან "მერსედესისა" და "ტოიოტას" ჩხუბის ეპიზოდების შესახებ, მაგრამ რამდენად კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული პრობლემის სიმძიმე, უცნობია. არც ერთ მათგანს არ დაურეკავს პოლიციაში ან გიორგი შაქარაშვილის მშობლებთან.

ახალგაზრდების ნაწილი დილამდე დარჩნენ თემქაზე, ფოტოებში გვიან ღამესთან ერთად დილის კადრებიც ჩანს. თემქის ბინაში იმყოფებოდნენ იუბილარი ანა გაბეჩავა, მასპინძლები მარი და ვაჟა ადეიშვილები, ლიზი ნადირაძე, მარიამ კვაჭაძე, გიორგი ფოცხვერაშვილი და იაკობ ბრეგვაძე. 

ფაქტების გადასამოწმებლად "მთავარი" იაკობ ბრეგვაძეს ესტუმრა. მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მაგრამ მისი ძმის განმარტებით, მას არ სურს ჩვენთან საუბარი, რადგან მომხდარის ყველა დეტალი გამომძიებლებს მოუყვა.

აღსანიშნავია, რომ მარიამ ადეიშვილის გარდა, თემქაზე ყოფნის ფაქტს არც ერთ ჩვენებაში არავინ ახსენებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი