ოჯახზე მოძალადე დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გამოქვეყნდა:

თელავის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრ მიხეილ გრემელაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება - გრემელაშვილს გამოძიება ოჯახში ძალადობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.  

"ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ შენახული კალაშნიკოვის სისტემის იარაღიც ამოიღეს. გვიანობამდე მიმდინარეობდა პოლიციაში გრემელაშვილის დედის გამოკითხვაც.

გრემელაშვილის ოჯახის წევრებს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ ოჯახის 20 წლიანი ისტორია, როდესაც გრემელაშვილი სისტემატურად ძალადობდა მეუღლესა და ბავშვებზე, ასევე ბებიაზე. სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE" მსოფლიო ქსელის დამფუძნებელის მარიამ კუკუნაშვილის თქმით, აქამდე ამ საქმეზე არ უსაუბრია, რადგან მტკიცებულებები არ ჰქონდა. 

მისივე თქმით, დანაშაულის შესახებ პოლიციას არასრულწლოვნებმა შეატყობინეს, როდესაც მამამ სოციალური ქსელით მათ მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა. ოჯახში მისულ პოლიციელებს კი იარაღის შენახვის ადგილი ბებიამ აჩვენა. 

ბავშვებმა შეატყობინეს პოლიციას, რადგან მამა უგზავნიდათ, უკვე გაქცეულები იყვნენ ბიძის სახლში, მოვალ, გადაგწვავთ, დაგხოცავთ, ყველას ამოგხოცავთ. ჩემთან მოვიდნენ და ხუთი წლის ბავშვი კითხულობდა, ხომ არასოდეს გამოუშვებენ, მეშინია, რომ გამოვიდესო, - ამბობს მარიამ კუკუნაშვილი. 

თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ძალადობას გმობს, თუმცა ამბობს, რომ მიხეილ გრემელაშვილის უფლებამოსილების შეჩერებაზე ჯერ საუბარი არ არის და გამოძიების შედეგებს დაელოდება, რადგან ბრალის დამტკიცების შემთხვევებში კანონით ავტომატურად ჩამოერთმევა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.   

თელავის საკრებულოს დეპუტატის მეზობლები ამბობენ, რომ არ იცოდნენ თუ იგი სახლში იარაღს ინახავდა, თუმცა მათ სახლში სტუმრების ყოფნის დროს ხმაური ხშირად ისმოდა და იარაღის გასროლის ხმაც არაერთხელ გაუგონიათ. 

დანაშაულებები, რომლებსაც გრემელაშვილს გამოძიება ედავება, 4-დან 6-ს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი