გიორგი შაქარაშვილის მრავალტომიანი და ბურუსით მოცული საქმე და "მთავარი არხის" ჟურნალისტების გამოძიება - ლურსმანაშვილი ამტკიცებს, რომ გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი პირი თავად არის.
მისივე თქმით, მან ხაშურში შემთხვევით გააჩერა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თბილისში პირადი საქმისთვის გაჰყვა და დიდუბეში ჩავიდა, სადაც უცნობმა პირმა ტელეფონით სარგებლობა სთხოვა.
ლურსმანაშვილის მონათხრობი თუ რეალურია, ის მარტივად უნდა დადასტურდეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, რომლებიც ხაშურში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან აყენია. სწორედ იქიდან უნდა დაძრულიყო ლურსმანაშვილი თბილისისკენ.
მიუხედავად ამისა, "გალფის" ბენზინგასამართი სადგურებიდან სამართალდამცველებს ვიდეომასალები ამ დრომდე არ ამოუღიათ.
ლაშა ლურსმანაშვილი ხაშურში ცხოვრობს და წლებია, მანქანების ხელოსნად მუშაობს. ადგილობრივები მას კარგად იცნობენ, თუმცა უჭირთ გვიპასუხონ, ნამდვილად ლურსმანაშვილია თუ არა თეთრპერანგიანი პირი "მთავარის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში, რადგან მათ ამ ფორმაში მამაკაცი არასოდეს უნახავთ.
ვერ დავადასტურებ, რომ ნამდვილად ლაშაა. შორი კადრია საკმაოდ, - ამბობს ლურსმანაშვილის ბიცოლა.
თუ შსს მოისურვებს, მარტივად შეიძლება პასუხი გაეცეს კითხვას - არის თუ არა ვიდეომასალის ფიგურანტი თეთრპერანგიანი მამაკაცი ხაშურელი ხელოსანი.