
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე არის ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მოქალაქე ავთანდილ ბილანიშვილი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
სამინისტროს განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით.
განცხადებაში ასევე საუბარია ამიხანაშვილის დამალვის ადგილას ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე და აღნიშნულია, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. შსს-ს მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. საგამოძიება უწყება ამბობს, რომ ამ ადგილას მოქალაქე ჯართის შეგროვების მიზნით მეტალს ამუშავებდა, რის დროსაც ბალახს ცეცხლი მოეკიდა. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით.