
კიკეთში მოკლული გია გათენაშვილის ბიძა ბრალდებული გელა ნიორაძის მხრიდან შემთხვევით გასროლას გამორიცხავს. ის ამბობს რომ, გარდაცვლილს 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. ნიორაძის უფლებადამცველი კი ამტკიცებს, რომ მან თავდაცვის მიზნით ისროლა.
დავით ხოჯანაშვილმა, რომელიც კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილეა და რომლის სახლშიც დაპირისპირება მოხდა, მედიასთან საუბარი არ ისურვა.
"მთავარმა" მოიპოვა დავით ხოჯანაშვილის, და სავარაუდოდო კონფლიქტში მონაწილეების პირადი საუბრები. ჩანაწერში ისინი ამბობენ, დაპირისპირება ხოჯანაშვილის სახლში დაიწყო, შემდეგ კი ეზოში გაგრძელდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ჩანაწერში ხოჯანაშვილი ამბობს, რომ ბრალდებული გელა ნიორაძე და მისი შვილი დაპირისპირების დროს საკმაოდ ნაცემები იყვნენ, სახლში წავიდნენ, უკან კი ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდნენ.
პირველად ვინც გელა ნიორაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაინახა, მოკლული გია გათენაშვილი იყო. შემთხვევის ადგილზე დღეს მისულები იყვნენ მოკლულის ოჯახის წევრები. ისინი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
"იყო ძალიან უწყინარი ბიჭი, წყნარი ბიჭი, არ უნდოდა მაგას ჩხუბი რომ მომხდარიყო, გაშველებაში მოკლეს საწყალი ბავშვი. 5 ტყვია ჰონდა მოხვედრილი, ავტომატის ჯერი ესროლეს. როგორ გავიგე ვალი ჰქონდა იმისი, მოვიდა იმასთან, კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, ჩხუბი და რაღაც, აშველებდა იმათ, მასალა ედო თავის მასალაში, სახლში მიდიოდა", - ამბობს მოკლულის ბიძა.
გელა ნიორაძეს ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს. სავარაუდოდ, მას განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ცნობისთვის, მკვლელობა კიკეთში 17 სექტემბერს ღამით მოხდა. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით გია გათენაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, კიდევ 5 პირი კი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსურ დავას მოჰყვა.
ავტორი: საბა ბუაძე