"ის, რისთვისაც ნიკა გვარამია დაიჭირეს, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ამისთვის არავის ასამართლებენ"- ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს სამხრეთ კაროლინას ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორი, 4 "ემის" მფლობელი, მედია პროფესიონალი რენდი კოვინგტონი.
ის ამ ქეისით თავად დაინტერესდა. საუბარია გვარამიას საქმეში პორშეს მარკის ავტომობილის ეპიზოდზე და პროკურატურის მტკიცებაზე რომ დანაშაულია, როცა ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 ათას ევროს ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს “პროესკო მედიას” სახელზე.
"ამერიკაში 27 წელი ვიმუშავე სხვადსხვა ტელევიზიებში, სხვადასხვა ქალაქებში. სადაც კი მიმუშავია ყველგან კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები მუდმივად მიმართავდნენ და იყენებდნენ ამ პრაქტიკას. რა თქმა უნდა, კომპანიის დირექტორს შეეძლო ამის გამოყენება და ასეთი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება. ეს შეერთებულ შტატებში დანაშაული არ არის, ეს აქ ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ჩემი აზრით, ეს არის განაჩენი იმისთვის, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია მიღებული და რისთვისაც არავის იჭერენ. თქვა მან.
ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პარალელურად "მთავარი არხის" დამფუძნებლის თანამოაზრეები სააპელაციო სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ მთავარი სათქმელით, რომ ნიკა გვარამია ოლიგარქ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური მძევალია.
ყველა თანხმდება, რომ ბრალდება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აბსურდულია და არსებობს მხოლოდ "ოცნების" პოლიტიკური მოტივაცია - ციხეში გამოკეტოს ყველა, ვინც ოლიგარქიულ რეჟიმს ეწინააღმდეგება და ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს დისკომფორტს უქმნის.
"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მორიგი სასამართლო პროცესი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა.