
25 ივნისის შემდეგ, გური ამირხანაშვილი კამერებმა დღეს ისევ დააფიქსირეს. საქმის "ოქროს მოწმით" ამჯერად ცენტრალური კრიმინალური პოლიცია დაინტერესდა. გამოძიებას, სავარაუდოდ, იმ ოთხწუთიანი დიალოგის შინაარსის დადგენა სურდა, რომელიც დიდუბეში გურამ ამირხანაშვილსა და თეთრპერანგიან პირს შორის გაიმართა. საქმის ორი შესაძლო ფიგურანტი სამართალდამცველებმა გუშინ გამოკითხეს, დღეს კი 19 წლის ფეხბურთელის უახლოსი მეგობარი შენობიდან ისე გაიყვანეს, რომ ჟურნალისტებმა მისი დანახვაც ვერ შეძლეს. კამერებს დღეს გაურბოდნენ ამირხანაშვილის ოჯახის წევრებიც.
გამოძიება გური ამირხანაშვილითა და საქმის ახალი ფიგურანტებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "მთავარმა არხმა" 19 ივნისის ტრაგედიის ვიდეოკადრები ხელახლა გაავრცელა. საქმე ქურდულ სამყაროსთან დაახლოებულ პირს, ავთო ბილანიშვილს - იგივე "კაწროს" ეხებოდა. მას გამომძიებლები ექვსი საათის განმავლობაში კითხავდნენ. არსებობდა ვარაუდი, რომ კადრებში სწორედ ის იყო. თავად "კაწრო" საქმესთან კავშირს გამორიცხავს და ამბობს, რომ სატელეფონო ზარები მის ადგილსამყოფელს ისედაც დაამტკიცებს. მისი მობილური ტელეფონი გამომძიებელმა უკვე დაიტოვა.
როდის და ვის ესაუბრა ბოლოს 19 ივლისის ღამეს ავთო ბილანიშვილი, ეს მის ადვოკატს ახსოვს. თამარ აბესაძე ამტკიცებს, რომ ბრალდებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით აბსურდულია და ბილანიშვილის მიმართ პოლიტიკურ პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
გური ამირხანაშვილამდე, საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა 24 წლის ლაშა ლურსმანაშვილიც, რომელიც ირწმუნება, რომ დიდუბეში მცხეთიდან თავდამსხმელების მიერ ამირხანაშვილს სწორედ ის ხვდება. ნაცნობობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ უცნობმა ბიჭმა მას ტელეფონით სარგებლობა სთხოვა.
ტრაგედიის ღამით, დიდუბის მეტროს წინ გადაღებულ კადრებში კარგად ჩან პირი, რომელიც გურის უახლოვდება, მხარზე ხელს ადებს და ანიშნებს, რომ მას გაჰყვეს. თუ ეს ლურსმანაშვილია და თუ ის ამირხანაშვილს არ იცნობდა, მაშინ რაში დასჭირდა ამ ჟესტის გამოყენება, უცნობია.
"მთავარმა" ლურსმანაშვილს იმ ტანსაცმლის ჩვენებაც სთხოვა, რაც 19 ივნისის ღამით ეცვა, თუმცა ამტკიცებს, რომ ტანსაცმელი საგამოძიებო უწყებას აქვს.
ხაშურელ ხელოსანს კარგად იცნობენ ნათესავები და ადილობრივები, თუმცა, ვიდეოკადრებში თეთრპერანგიან პირსა და ლაშა ლურსმანაშვილს შორის მსგავსებას მაინც ვერ ხედავენ.
ლაშა ლურსმანაშვილის მარშრუტის შესახებ ყველაზე უკეთ ახლა ამ კამერებმა იციან. ხაშურში პერიმეტრის ვიდეოკონტროლი სხვადასხვა ობიექტიდან მიმდინარეობს. "გალფის" ბენზინგასამართი სადგური და ახლო ხედვის კამერები წესით გამოძიებას იმის დადგენაში დაეხმარება, ნამდვილად ხაშურიდან იმგზავრა თუ არა ლაშა ლურსმანაშვილმა თეთრი მიკროავტობუსით თბილისამდე და იყო თუ არა ეს მისი გადაადგილების საწყისი წერტილი.
საინტერესოა სამარშუტო ტაქსის ისტორიაც - თავდაპრიველად გავრცელებული ინფორმაციით, ის ჭიათურიდან თბილისში მოდიოდა. დასაქმებული მძღოლები დღეს ამბობენ, რომ ჭიათურიდან მომავალ
სამარშრუტო ტაქსს, ხაშურის გავლა არ უწევს. მათ არც ის ავტომობილი ეცნობათ, რომელიც კადრებში ფიგურირებს. მძღოლები ვარაუდობენ, რომ სამარშუტო ტაქსი დაქირავებული იყო.
ვინ არის თეთრპერანგიანი პირი სინამდვილეში, ეს კრიმინალურმა პოლიციამ უნდა დაადგინოს. საქმის სავარაუდო ფიგურანტები გამოძიებამ უკვე გამოკითხა, ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა გვითხრას, ვინ და რაზე ესაუბრებოდა საბედისწერო ღამეს, საქმის ოქროს მოწმეს ოთხი წუთის განმავლობაში.