მოკლეს და გადააგდეს არაგვში - შაქარაშვილის ბიძა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ გადააგდეს მდინარე არაგვში, - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ამ განცხადებით ის ექსპერტიზის პასუხებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, წარმოუდგენელი და გამორიცხულია ის, რომ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებები, ადამიანს ფედრობზე ჩაგორებით, სირბილის ან წაქცევის დროს მიადგეს. 

ამ დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, 12-მდე სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ მოხდა ფიზიკური ძალადობა, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელი და გამორიცხულია ის, რომ ეს დაზიანებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, სირბილის დროს, წაქცევის დროს.. ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ დაზიანებები არის დაწყებული სახის არედან, დამთავრებული ტანის არეთი, ხელებზე და ყველგან, - ამბობს ნიკოლაძე. 

მისივე თქმით, შაქარაშვილის ოჯახმა შემთხვევიდან მესამე დღეს უკვე იცოდა ის, რაც საზოგადოებამ დღეს გაიგო - გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. თუმცა, მისი თქმით, ეს გამოძიების მიმდინარეობის გამო არ გაახმაურეს.

ჩვენ მესამე დღეს ვიცოდით გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზიც. ის, რაც თქვენ დღეს გაიგეთ. ჩვენ არ გავახმაურეთ ეს, რომ გზა-კვალი არ არეოდა არც გამოძიებას, არც საზოგადოებას და არ ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული წყლით დახრჩობის ფაქტზე. ასევე ვიცოდით გიორგის დაზიანებებთან დაკავშირებით ყველა გარემოება... ამ ეტაპისთვის, რაც შეეძლო გაეცა ექსპერტიზას, მე ვთვლი, რომ გაცემულია მაქსიმუმი. მე ვთვლი, რომ დასკვნა არის კატეგორიული და ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი - იმისთვის, რომ დადგინდეს კიდევ უფრო დეტალური გარემოებები, ანუ მოხდეს პერსონიფიცირება, გავიაროთ ყველა სახის დეტალი ვერსიების დასადასტურებლად ან რაღაც ვერსიების გამოსარიცხად, ამისთვის საჭიროა სხვა სახის ექსპერტიზების პასუხები და ასევე, შესაძლებელია დამატებითი სახის ექსპერტიზაც, - განაცხადა ნიკოლაძემ. 

მისივე თქმით, შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ "ტოიოტა ქამრის" ექვსივე მგზავრი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იყოს ბრალდებული. 

ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო... ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ექვსივე მათგანთან მიმართებით. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ჩვენ პოზიციას მერე ვიტყვით. ახლა კი ჩვენი პოზიციაა ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით, - ამბობს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის პასუხების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და აქამდე არსებულ მუხლებს, ყველაზე მძიმე - 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი