ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ იურისტები ამბობენ, რომ ბევრი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. მათივე თქმით, საჭიროა კომპლექსური ექსპერტიზა, როემლიც დაადგენს, არის თუ არა სხვა პირის დეენემის ნიმუში გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე, ასევე რა საგნების გამოყენებით მიაყენეს დაზიანებები სიკვდილის წინ 19 წლის ფეხბურთელს.
საჭიროა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი უფრო კომპლექსურად იმ სურათს და იმ მოვლენებს, რომელიც იქ განვითარდა. მათ შორის, ამ დაზიანებებით შეეძლო თუ არა მას გადაადგილება, გიორგი შაქარაშვილს, შეკითხვა შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, რომელი საგნის შედეგად შეიძლება ყოფილიყო განვითარებული თუ არის გამოძიების შემდეგ ეს საგანი ამოღებული და ამ საგნის შედეგად შეიძლება თუ არა ყოფილიყო ეს დაზიანება. სხეულზე არსებული დაზიანებები არ შეიძლება ყოფილიყო მიღებული წყალში, თუმცა, მეორე საკითხია, ეს დაზიანებები რა ვითარებაში იქნა მიღებული, შეეძლო თუ არა მას გადაადგილება ამ დაზიანებებთან ერთად, - ამბობს დავით ჯანდიერი.
საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც".
ის რომ ეს ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად პასუხს ვერ გასცემდა ყველა კითხვას, ნათელი იყო, თუმცა ახლა უფრო მეტი კითხვა შემოვიდა ამ დასკვნის შემდეგ. მნიშვნელოვანია ის, რომ საუბარია გარკვეულ დაზიანებებზე. ჩამონათვალია მთელი დაზიანებების, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის ცოცხალი იყო, - ამბობს სულხან სალაძე.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის პასუხების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და აქამდე არსებულ მუხლებს, ყველაზე მძიმე - 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.