
აღმატებული საჯარო ინტერესი აქ არ არის მკვლელის დადგენა, აქ არის მკვლელობის ხელისდამფარებლის დადგენა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გვარამიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, მკვლელობაზე ხელის დამფარებელი გაცილებით საშიშია, რადგან უდანაშაულობის განცდას აჩენს, რითიც სხვა მკვლელობებსაც ახალისებს.
ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და კიდევ უფრო მეტზე ვილაპარაკებთ. საერთოდ არ გვაინტერესებს ოჯახის პოზიცია ამ შემთხვევაში, ჩვენთან დაკავშირებით რა იქნება, იმიტომ რომ მირიან ნიკოლაძემ ისიც მოახერხა, რომ აგრესიულად განაწყო ოჯახი ჩვენ წინააღმდეგ. არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ აღმატებული საჯარო ინტერესი აქ არის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება და არა რომელმა რაგბისტმა მოკლა. კი, ეს მნიშვნელოვანია და დადგინდება აუცილებლად, დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, მაგრამ აღმატებული საჯარო ინტერესი აქ არ არის მკვლელის დადგენა, აქ არის მკვლელობის ხელისდამფარებლის დადგენა, იმიტომ რომ მკვლელობის ხელისდამფარებელი გაცილებით უფრო საშიში ვინმეა ზოგადად. აჩენს უდანაშაულობის განცდას და ახალისებს სხვა მკვლელობებს. თორემ აქ რომ მკვლელი დაისჯება, ვის ეპარება ამაში ეჭვი. ეს ორჯერ ორი, ოთხია. ამიტომ, ეს დასკვნაც მაქეთკენ მიმავალი ნაბიჯია, ბუნდოვანების ნაბიჯია, მაგრამ მაგ დასკვნაში რაც წერია, საკმარისია იმისთვის, რისი დამალვაც ვერ მოხერხდებოდა. დაზიანებებს ექსპერტები ვერ დამალავდნენ რომლებსაც ყველა უარყოფდა, როგორც დაზარალებულის მხარე, ასევე პროკურატურა, - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის პასუხების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და აქამდე არსებულ მუხლებს, ყველაზე მძიმე - 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.