დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.
"ოცნების" ე.წ. განდგომილი დეპუტატი 2022 წლის 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოსტვ-ის" 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.
ორგანიზაციის ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565 ლარი მიიღეს. ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - „ქართულ ოცნებას“ 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.
"ვიქტორ ჯაფარიძის არაერთი ნათესავია დასაქმებული საჯარო სამსახურში. მათ შორის:
- ეკატერინე ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი
- ნელი ნავერიანი, მესტიის მერის მოადგილე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლე
- მაიზერ ჯაფარიძე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი
- სოფიო ჩხვიმიანი, მესტიის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის, მურთაზ ჯაფარიძის მეუღლე
- ზაზა ფალიანი, მესტიის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის შვილი, მაიზერ ჯაფარიძის დისშვილი
- თენგიზ ჩართოლანი, მესტიის მუნიციპალიტეტის შპს “მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების” დირექტორი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორის, ოთარ ჩართოლანის ძმა
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, 2022 წლის მაისამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც დასაქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში"- წერს TI.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. TI მოუწდოებს:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს;
საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით".
ვრცლად პარლამენტის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე იხ. ბმული.