„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ახალი კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა განსხვავებული აზრის ჩასახშობად და საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობას.
"საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“, ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. “მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე, თავისუფლებების შესაზღუდად და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროებლად. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში.
2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის გადაწყვეტილებებში ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ ასეთი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება." - ნათქვამია განცხადებაში.