ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას, სარჩელს მოვამზადებ - დოროყაშვილი ყოფილი დედამთილის ჩვენებაზე

გამოქვეყნდა:

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს იმ განცხადებებს, რაც ბასილაშვილის დედამ სასამართლოს სხდომაზე გაავრცელა.

მისი თქმით, ის ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელს მოამზადებს. 

რაც შეეხება თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციას, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, როგორც დოროყაშვილმა თქვა, მისთვის ეს პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა.

"მე არ მქონია სხვა მოლოდინი, დაცვის მხარის პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო, ბრალს არ აღიარებს. ბუნებრივია სხვა მოლოდინი მე არ მქონია, ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას - რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ის გრძელდება. ბევრ ნაწილში ჰქონდა ადგილი ცილისწამებას,  მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს მოვამზადებ აუცილებლად. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თითქმის ყველაფერი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე, - თქვა ნეკა დოროყაშვილმა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი