გასული 30 წლის მანძილზე, ამერიკა დახმარებაზე მეტად, საქართველოს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა - "ხალხის ძალა"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები მორიგ ანტიდასავლური რიტორიკის განცხადებას ავრცელებენ და ისევ ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ესხმიან თავს

. "ხალხის ძალა" ისევ ამტკიცებს, რომ გასული 30 წლის მანძილზე, ამერიკა დახმარებაზე მეტად, საქართველოს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა და რომ აშშ-მ ჩვენგან "არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო".

დეპუტატები ელჩისგან ითხოვენ დააზუსტოს რამდენი შეადგინა ამერიკის მიერ გასული 30 წლის მანძილზე საქართველოში დახარჯულმა თანხამ – 6 მილიარდი, 4,5 მილიარდი თუ 3,5 მილიარდი და ამტკიცებენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში საქართველოში 3,5 მილიარდი დახარჯა.

"ხალხის ძალა" ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ამერიკული აგენტურაა" და საელჩო მის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს. 

"უკვე დეტალურად განვმარტეთ, რომ ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება. თუმცა, რადგან საელჩო სიმართლეს არ ამბობს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხს სიმართლე ვუთხრათ და ყველაფრის სწორად გაანალიზების საშუალება მივცეთ. ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, ორმხრივია და ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელის. ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და „ნაციონალური მოძრაობით“ მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, რათა ამ ადამიანებმა, 2004-12 წლების მსგავსად, ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭულებმა მოაწერონ ხელი.
საელჩო შედარებით გულწრფელი იქნებოდა, დახმარების ნაცვლად, თუნდაც, პარტნიორობაზე რომ გვესაუბრებოდეს. რა თქმა უნდა, ამერიკასთან ჯანსაღი პარტნიორობა ჩვენთვის მისასალმებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებთან გულწრფელი პარტნიორული ურთიერთობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ვფიქრობთ, რომ ამგვარი პარტნიორობა გაცილებით შედეგიანი და მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის. თუმცა, როცა პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, აქაც ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელია, ისინი პარტნიორობაზე გვესაუბრებოდნენ, როდესაც საქართველოზე დახარჯული ფულით სასამართლო სისტემის დანგრევას ცდილობენ, პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ ან მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვენ. როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ამერიკელების სტრატეგიული ამოცანა საქართველოში – სასამართლო სისტემის დანგრევა თუ მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება, არჩევნების სამართლიანი შეფასება თუ ხმების პარალელური დათვლის გაყალბება, მთავრობის გაძლიერება თუ მისი გადატრიალება, სიმშვიდე თუ არეულობა, მშვიდობა თუ მეორე ფრონტი და ა.შ. " - ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატების მტკიცებით, მნიშვნელოვანია პარტნიორობის შინაარსი მკაფიოდ იყოს გარკვეული და მხარდაჭერასა და ზიანის მიყენებას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი