
უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ნატოს დამარცხებას ნიშნავს და ეს არ მოხდება - ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატოს მხარდაჭერა დიდ როლს თამაშობს უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის მხარდაჭერის საკითხში.
მისივე თქმით, პუტინმა დაიწყო ომი და მანვე უნდა დაასრულოს უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანით, ლუკაშენკომ კი უნდა შეწყვიტოს ბელარუსის თანამონაწილეობა კონფლიქტში.
სტოლტენბერგმა ასევე ყურადღება გამახვილა ბირთვულ მუქარაზე. მისი თქმით, პუტინის ბირთვული მუქარა საშიში და უპასუხისმგებლო ქმედებაა.
"რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსეთის პოზიციებში რაიმე ცვლილება არ გვინახავს, მაგრამ ფხიზლად ვართ. ხუთშაბათს გაიმართება ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის რეგულარული შეხვედრა. ნატო-ს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური ამოცანა ყოველთვის იყო მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის პრევენცია. მომავალ კვირას ნატო გამართავს დიდი ხნის წინ დაგეგმილ შეკავების სწავლებას. ეს არის რუტინული წვრთნები, რომელსაც ყოველ წელს ვატარებთ“, – თქვა სტოლტენბერგმა