უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ქვეყნებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის დახმარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს 2 400 შაჰიდის დრონი შეუკვეთა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს და მას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და „შვიდეულის“ სხვა ლიდერებთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს ქაოსის პროვოცირება როგორც უკრაინაში, ისე მთელ დემოკრატიულ სამყაროში და ამისთვის იყენებს ყველა მეთოდს - სარაკეტო დარტყმებს, ატომური სადგურის აღებას, ბირთვულ მუქარას, ევროპაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართავს დივერსიებს და მიზანმიმართულად ცდილობს უკრაინის განადგურებას.
"რუსეთის ხელმძღვანელს, რომელიც ახლა თავისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ესკალაცია და ეს შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის საფრთხეა...
პირველი პუნქტი არის თავდაცვის მხარდაჭერა. საჰაერო ფარი უკრაინისთვის. ეს არის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, რომელიც ჩვენი სამშვიდობო ფორმულის ელემენტია. როდესაც უკრაინა მიიღებს საკმარისი რაოდენობის თანამედროვე და ეფექტურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაც რუსული ტერორის მთავარი ელემენტია, სარაკეტო დარტყმები შეწყვეტს მუშაობას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვაში დაეხმარა - "მაგრამ! რუსეთმა 2 400 "შაჰიდი" შეუკვეთა ირანიდან - ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, G7-ს მოწვევის აუცილებლობაზე გერმანიის კანცლერი და უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, რუსეთის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ შეთანხმდნენ.