უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აცხადებს, რომ რუსეთმა აქტიური შეტევა დაიწყო ზაპოროჟიეს მიმართულებით.
„თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას, რაც მას მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს. მტერმა ძირითადი ძალისხმევა პოკროვსკის, ტორეცკის, ლიმანის, ნოვოპავლივსკის მიმართულებებზე, ასევე რუსეთის ფედერაციასთან სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებზე გაამახვილა. მან მნიშვნელოვნად გააძლიერა მოქმედება ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც აქტიურ შეტევით ოპერაციებს ატარებს“, - აღნიშნა ალექსანდრ სირსკიმ.
მთავარსარდალმა დასძინა ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს და მის თავდაცვით პოტენციალს ანადგურებენ. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ოპერაციას კურსკის მიმართულებაზე.