ბრიტანელმა და ფრანგმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ უკრაინის მხარდაჭერისას პრიორიტეტი უნდა გახდეს, არა ევროპელი ჯარების განლაგება შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის, არამედ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გრძელვადიანი გაძლიერება აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. როგორც The Telegraph-ი წერს ამის შესახებ ნიდერლანდების დედაქალაქში ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრაზე იმსჯელეს.
გამოცემის ცნობით, არსებობს რეალური შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა შეასრულოს თავისი დაპირება და გამოვიდეს მოლაპარაკებების პროცესიდან მას შემდეგ, თუ ვერ მოახერხებს ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებებში ჩართვა.
მოდით ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ აშშ არასდროს იქნება „ბორტზე““- განუცხადა გამოცემას , დასავლელმა ჩინოვნიკმა, რომლის თქმითაც შეხვედრის ატმოსფერო დამთრგუნველი იყო.
ევროპელი დიპლომატის თქმით, შეხვედრა ძირითადად ეხებოდა იმას, თუ „როგორ უნდა გაეწიოს საჭირო მხარდაჭერა უკრაინას იმ სიტუაციაში, როდესაც აშშ-სგან მხოლოდ შეზღუდული რესურსების, კერძოდ, დაზვერვის მონაცემების მიწოდებაა მოსალოდნელი“. ასევე, მისი თქმით, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები „შეთანხმდნენ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე“.
გამოცემა წერს, რომ ნიდერლანდების დედაქალაქში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიციის“ მიდგომებში ცვლილებები აჩვენა. კოალიციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა როგორც გამოცემა წერს მშვიდობის შანსები მცირდება, რადგან პუტინი საერთაშორისო ძალისხმევას წინააღმდეგობას უწევს.
ევროპული ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ თვეში ჰააგაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მოიწვიონ.
სტატიაში ნათქვამია, რომ კოალიცია, სავარაუდოდ, კვლავაც საჯაროდ დაუჭერს მხარს ტრამპის მცდელობებს მშვიდობის მისაღწევად, გამოცემა წერს, რომ ეს უკრაინული მხარის მოთხოვნით ხდება, რომელიც შიშობს, რომ ამ მხარდაჭერის გარეშე აშშ-მ შეიძლება შეწყვიტოს იარაღის მიწოდება და დაზვერვის მონაცემების გაზიარება. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ აშშ-ს არ გაუფორმებია იარაღის ახალი კონტრაქტები, წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს მიღწეული შეთანხმებები კვლავ სრულდება.
„მსურველთა კოალიცია“ არის უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების არაფორმალური გაერთიანება, რომელიც შედგება იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიმართულებით.