
უკრაინის პრემიერმინისტრი ენერგეტიკულად რთულ ზამთარს პროგნოზირებს და უკრაინელებს მოუწოდებს ამისთვის მოემზადონ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მოემზადონ ზამთრისთვის. სასურველია, ყველა ოჯახს ჰქონდეს საჭირო ელემენტარული ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, ფანრები, ბატარეები. მნიშვნელოვანია მოემზადონ იმ შემთხვევებისთვის, თუ შუქი ან გათბობა გაითიშება მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად." ამბობს დენის შმიგალი.
მთავრობის სხდომაზე შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარება უნდა შემცირდეს:
"მადლობელი ვართ ყველა უკრაინელის, ვინც შეგნებულად შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება გუშინ და გუშინწინ. მთლიანობაში დანაზოგმა შეადგინა 10%. ასევე მადლობას ვუხდით მერებს, რომლებიც პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაგეგმილი გათიშვები, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ელექტროენერგიის მოხმარების 25%-ით შემცირებას 17:00-დან 22:00 საათამდე მთელ უკრაინაში" აღნიშნა შმიგალმა.
ამ მიზეზით, პრემიერმა ბიზნესს სთხოვა, მითითებულ პერიოდში, [17:00-დან 22:00 საათამდე], გამორთონ გარე ელექტრონული რეკლამა და სხვა ენერგომოხმარებადი მოწყობილობები - "ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს მინიმუმამდე დავიყვანოთ გამორთვის გრაფიკი“, - განაცხადა პრემიერმა.
შმიგალის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში გათბობის სეზონისთვის მზადყოფნა 90%-ზე მეტია. ასევე მომზადდა მოსახლეობისთვის სპეციალური გათბობის პუნქტები, შემუშავდა ევაკუაციის გეგმები იმ შემთხვევაში, თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურა სწრაფად ვერ აღდგება.