წალენჯიხის მერის მანქანას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. გია ხარჩილავამ და მისმა ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ დაახლოებით 4 საათზე შეიტყვეს, როდესაც აფეთქების ხმა გაიგეს და გარეთ გავიდნენ. ერთადერთი ოპოზიციონერი მერი ამტკიცებს, რომ ავტომობილი გამართული იყო. ხარჩილავა დარწმუნებულია, რომ მის პირად ავტომობილს საწვავი გადაასხეს და კონკრეტულმა პირებმა მიზანმიმართულად დაწვეს.
გია ხარჩილავა პირადი ქონების განადგურების გარდა, მომხდარში ქვეტექსტსაც ხედავს. ფიქრობს, რომ ეს არის მუქარა და გაფრთხილება, რომ აღარ გააგრძელოს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კორუფციული ფაქტებისა და დანაშაულების კვლევა. იგივეს ფიქრობენ მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირებიც.
განგებ წაუკიდეს თუ არა ცეცხლი გია ხარჩილავას მანქანას - ეს შესაბამისმა უწყებამ უნდა დაადგინოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილას ჩატარდა ექსპერტიზა, მანქანის გადარჩენილი ნაწილები პოლიციის ეზოშია გადატანილი, ექსპერტიზაზეა წაღებული მიმდიბარე ტერიტორიაზე ნაპოვნი, სავარაუდოდ საწვავის ბოთლიც. გამოიკითხა გია ხარჩილავაც, რომელიც მუხლის გადაკვალიფგიცირებას ითხოვს, რადგან თვლის, რომ საჯარო საქმიანობაში ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებიც აშკარაა.
ავტორები: ემა გოგოხია, ქეთა ციცქიშვილი