გელათის ტაძარში არსებულ სავალალო მდგომარეობას დღეს "ლელოს" წვერები გაეცნენ. ანა ნაცვლიშვილი ადგილზე ჩავიდა და კულტურის მინისტრი უმოქმედობასა და ისტორიული ტაძრის განადგურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თეა წულუკიანი მალავს სამონასტრო კომპლექსის რეალურ მდგომარეობას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საკანონმდებლო ორგანოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ის წულუკიანის გარდა, პასუხისმგებლობას აკისრებს დეპუტატებსაც:
"[წულუკიანი] არ ასაჯაროებს საერთაშორისო, ძალიან კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას, გელათთან დაკავშირებით, რომელმაც აჩვენა, რომ აქ განხორციელებული სამუშოები არასწორად არის ჩატარებული და ახლაც გელათის რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს სწორად. დავკარგავთ გელათს იმ სახით, რა სახითაც ის შემოგვინახეს წინაპრებმა და ეს იქნება წულუკიანის პირადი პასუხისმგებლობა. ამავე დროს ეს იქნება ყველა დეპუტატის პირადი პასუხისმგებლობა ვინც ან იცის რა ხდება გელათში და დუმს, ან არ ინტერესდება რა ხდება გელათში და ამ საკითხის მიმართ არის გულგრილი. ეს აღარ ჰგავს სასულიერო უმნიშვნელოვანეს კერას ეს ჰგავს ქარხანას. რომელიც სავსეა ხარაჩოებით და რკინებით" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი
შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მკაცრადაა გასაიდუმლოებული. კულტურის სამინისტრომ უნიკალური ძეგლი ექსპერტებისთვის საბოლოოდ დახურა და ტერიტორიაზე მხოლოდ ხელისუფლების მოწვეულ სპეციალისტებს უშვებენ.