ხეების სასაფლაო რაჭაში - ძვირფასი მერქანი ოლიგარქის სხვადასხვა სამშენებლო მოედანზე

გამოქვეყნდა:

რაჭის უნიკალური ტყე, უფრო სწორედ ის, რაც მისგან ბიძინა ივანიშვილმა რვა წლის განმავლობაში დატოვა. რამდენიმე თვის წინ, ოლიგარქის კომპანია "ატუმ" ხეების ჭრაზე კიდევ ერთი ნებართვა მიიღო და საქმესაც შეუდგა. "მთავარი არხი" დაინტერესდა, რა მასშტაბებზე იყო საუბარი და იმ ადგილას მივიდა, სადაც უშუალოდ ხეებს ჭრიან. გზა იმ ადგილამდე ახალი გაჭრილია. ამისთვის ასობით ხე ფესვებიანად არის მოთხრილი და გზის პირას დაყრილი. ამ გზაზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით არის შესაძლებელი.

შაორის ტბიდან დაახლოებით სამ კილომეტრში ხეების სასაფლაო იწყება. მოჭრილი და გასატანად გამზადებული უზარმაზარი, ჯანსაღი ასწლოვანი ხეები, გადაჭრილი კუნძები და მონიშნული ასობით ხე, რომელსაც მალე ცულებით და ელექტრო ხერხებით ივანიშვილის კომპანიის წარმომადგენლები მიადგებიან. კომპანია "ატუს" რამდენიმე წარმომადგენელი ადგილზეც ვნახეთ. ივანიშვილის კომპანიის თანამშრომელი შეეცადა "მთავარის" დარწმუნებას იმაში, რომ მოჭრილი ხეები დაავადებული იყო. 

მალევე გაირკვა, რომ ისიც იცოდა, რომელი კომპანია ჭრიდა ხეებს და ისიც გაირკვა, რომ თვითონაც ამ კომპანიის თანამშრომელი იყო. ხეების მჭრელმა "მთავარ არხს" დაუდასტურა, რომ რაჭის ტყეებს, ისევ კომპანია "ატუ" ანადგურებს. 

მოჭრილ ხეებს გასატანად იქვე გზასთან ამზადებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოჭრილ ხეებს საჩხერეში, ხის საამქროში ეზიდებიან. გამზადებულ მასალას კი, ასევე ბიძინა ივანიშვილის კომაპნია "ელიტა ბურჯი" მშენებლობაში იყენებს. კომპანია "ატუს" წარმომადგენლებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. "მთავარის" კამერის გამოჩენას იქ სადაც ისინი ხეებს ჭრიან, არც თუ დიდი სიხარულით შეხვდნენ. 

"მთავარმა არხმა" პასუხები ვერც "ატუს" ცენტრალურ ოფისში მიიღო, რომელიც "ქართუ" ჯგუფის შენობაშია განთავსებული. აქ "მთავარს" უთხრეს, რომ ჩვენთან დაკავშირებით მკაცრი ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული. კომპანია "ატუდან" ცხადია, "მთავარს" არავინ დაკავშირებია. მეტიც, განკარგულება, რომელიც "მთავარის" ინფორმაციით, 2019 წელს არის გაცემული და რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, არც საკანონმდებლო მაცნეში და არც მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე იძებნება. ზოგადად, ის, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ატუს" საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია, კარგად იციან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობენ. 

კომპანია "ატუსთვის" მიცემული ნებართვების შესახებ საუბარი არ უნდათ არც სატყეო სამმართველოში, არც ცენტრალურში და არც ადგილობრივში. სატყეო სამსახურის ცენტრალურ ოფისში "მთავარ არხს" დაპირდნენ, რომ განმარტებას გააკეთებდნენ, თუმცა პირობა დაარღვიეს. რაჭის სატყეო სამსახურში კომპანია "ატუს" ხსენებაზე უფროსის მოადგილემ, საერთოდ, ოთახიდან ოთახში სირბილი დაიწყო. 

რას მალავს ერთის მხრივ სატყეო და მეორეს მხრივ კომპანია "ატუ", რა მასშტაბის სამუშაოების ნებართვა არის გაცემული პრემიერ-მინისტრის მიერ უცნობია. ფაქტი ერთია, კომპანიას მუშაობა სოფელ თლუღის მიმდებარედ არსებულ ტყეში ახალი დაწყებული აქვს და აქ უკვე ყველაფერი ნაომარს გავს. რა იქნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილის კომპანია მუშაობას დაასრულებს და ყველა იმ ხეს მოჭრის, რომელიც მონიშნულია, ადვილი წარმოსასდგენია. 

რაჭის ყოფილი გუბერნატორი "მთავარს" უყვება, რომ ივანიშვილის კომპანია რაჭაში 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს. შაორის მიმდებარედ სიღრმეში ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. 

პირველი ნებართვა საკუთარ კომპანიას რაჭის ტყეების ჭრის შესახებ 2013 წელს, თავად ივანიშვილმა მისცა. მაშინ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო. განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ კომპანია "ატუს" სოციალური ჭრის ნება მისცეს. რაც იმას ნიშნავს, რომ რაჭის ტყეში მოჭრილი ხეები კომპანიას ადგილობრივი მოსახლოებისთვის უნდა გადაეცა, თუმცა რაჭველებს "ატუს" მიერ გაკეთებული საჩუქარი არ ახსოვთ. შემდეგი ნებართვები 2014-2015 წლებში ღარიბაშვილის ხელმოწერით, ასევე სოციალური წრისთვის გაიცა. 2017 წელს განკარგულებას ხელი გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. ბოლო დადგენილება კი, რომელიც არსად იძებნება და დეტალები გასაიდუმლოებულია, ბახტაძის ხელმოწერით გაიცა. 

ჰესებისგან მოტანილი ზიანი, ოქროს და ლალის ძებნისას გადახსნილი მთები, გაჩეხილი ტყეები და განადგურებული უნიკალური ბუნება - ეს ყველაფერი რაჭაში ხდება და ამ ყველაფრის შემოქმედი ერთი ადამიანია, საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც ერთადერთი საგანძური ფულია და ამისთვის, ის რაჭის განადგურებასაც არ ერიდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი