ვაკის პარკის შადრევნის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ამ შადრევნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ასობით გვერდის შემცველი ათობით სხვადასხვა დოკუმენტია გამოქვეყნებული, მაგრამ არცერთი, რომელშიც ნათქვამი იქნებოდა, რომ შადრევანი შემოწმებულია, აკმაყოფილებს ნორმებს და უსაფრთხოა.
ოპოზიცია და მედია დოკუმენტაციისა და ფაქტების შესწავლის შემდეგ მიდიან დასკვნამდე, რომ დედაქალაქის ადმინისტრაციამ ობიექტი ისე ჩაიბარა, რომ უსაფრთხოება დადგენილი არ იყო. შესაბამისად ოპოზიცია პასუხისმგებლობას თბილისის მერიას და გრინსერვის პლუსს აკისრებს.