პარტია "ლელო- საქართველოსთვის" თბილისი მერს, კახა კალაძეს დედაქალაქის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე იწვევს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარე, საბა ბუაძე ამბობს, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს მხოლოდ სისხლის სამართლის გამოძიება ვერ უპასუხებს და საჭიროა, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს.
"სისხლის სამართლის გამოძიებამ, რაღაც კითხვებზე პასუხები უნდა მოგვცეს, თუმცა აუცილებელია, პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეფასება და იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეაფასოს კალაძის და თბილისის მერიის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩვენ მივიღოთ პასუხები იმ არაერთ კითხვაზე, რომელიც დაგროვილია, ჩვენ კალაძეს ვიბარებთ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება კითხვები და საზოგადოებას საშუალებას მივცემთ, თავად საზოგადოებამ და ხალხმა განსაზღვროს კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი. სახეზეა უმძიმესი დანაშაული და მხოლოდ სისხლის სამართლის გამოძიება ამ კითხვებს ვერ უპასუხებს", - თქვა საბა ბუაძემ.
კომპანია "გრინსერვისი +-ის" ხელმძღვანელმა, ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა. პოლიციის სამმართველოში მისი გამოკითხვა ორი დღე მიმდინარეობდა.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოზარდს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან გუშინ, 14 ოქტომბერს გაწერეს, მეორე მოზარდის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა და ის მართვით სუნთქვიდან მოხსნეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებული 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა.