მილიონობით შავი ფული "ქართულ ოცნებაში", ძალაუფლების მიტაცებისთვის - თუ ე.წ. ძველი ბიჭები გეგმას გადაჭარბებით შეასრულებდნენ, მიიღებდნენ ბონუსებსაც. დავალებაში შედიოდა - დაშინება, მოსყიდვა, ზეწოლა, ამომრჩევლის ე.წ მოტაცება - ამბავს ყვება "ოცნების" არჩევნების გაყალბების სქემის ე.წ. შემსრულებელი, რომელიც "შაბათის მთავართან" ინტერვიუზე დოკუმენტებითა და მტკიცებულებებით მოვიდა.
მამხილებელი ამბობს, რომ არჩევნებისთვის შავ ფულს ე.წ. ძველ ბიჭებს გამგეობებში უნაწილებდნენ. ამომრჩევლების პირად მონაცემებს - ფოტოსურათებითა და მისამართებით იქ გადასცემდნენ და პარტიულ დავალებებსაც იქ იღებდნენ.
"ოცნებას" მათივე დასაყრდენი ამხელს. ის ლაშა ლაბაძეა - ისანი-სამგორის ოლქში მმართველი პარტიის დავალებების მთავარი შემსრულებელი, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის გუნდს მეტრომშენის დასახლებაში, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას ულაგებდა და საარჩევნო ხმების მობილიზებაში ეხმარებოდა.
ქართული ოცნება არჩევნებს "შავი ფულით" ყიდულობს. კონსპირაციულ შეხვედრებზე სხვადასხვა ოლქების გამგეობის შენობებში წყდებოდა, რომელი გავლენის პირი რამდენ ათასს მიიღებდა.
ირკვევა, რომ არჩევნების გასაყალბებლად ოცნების მთელი სისტემაა ჩართული - ფულს აბარებ უბნებში გავლენის მქონე პირს, სთხოვ ამომრჩეველთა კონკრეტული რიცხვის მობილიზებას, თუ დავალებას კარგად ართმევს თავს, მაშინ მსუყედ ასაჩუქრებ. ირკვევა, რომ ოცნებას არჩევნების ყიდვა თითო ოლქში მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
ოცნების გამყალბებლებმაც კარგად იციან რომ მთელი შავი ფული ირაკლი კობახიძეს აბარია, მის გარეშე ვერავინ ვერაფერს გადაწყვეტს. არჩევნების დროს შავი ფულის მთელი მასა ერეკლეს მოედანზე მდებარე "ოცნების" ცენტრალურ ოფისში ინახება
ირკვევა, რომ "ოცნებაში" კარგად იცოდნენ რომ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე ოპოზიციასთან მარცხდებოდნენ, ნაწილს გასაქცევი ბილეთებიც მომზადებული ჰქონდა, თუმცა "ოცნებამ" ყველაფერი ისე დააწყო როგორც მათ აწყობდათ.
"ოცნების" მხილება რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა, ვიდრე საქართველოს დატოვებდა. ამბობს, რომ იძულებული გახდა ქვეყნიდან გაიქცეს, რადგან აქ დარჩენის შემთხვევაში, "ოცნება" მის პოლიტიკურ მძევლობას ისევ გააგრძელებდა. სისტემის მხილება ლაბაძემ იმ უსამართლობის გამო გადაწყვიტა, რომელშიც თავად მოყვა
ლაშა ლაბაძეს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, 1 თვის წინ მიაკითხეს, 8 -ჯერ ესროლეს, ბეისბოლის ჯოხებით სასტიკად სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.
ნაცვლად დამნაშავეების დაჭერისა სისტემამ სიკვდილს გადარჩენილ ლაბაძის დაჭერა გადაწყვიტა.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ლაბაძეზე თავდასხმისთვის დააკავა 4 პირი. სამი მათგანი - გიორგი შავშიშვილი, ზაზა აბესაძე და გიორგი კუპატაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, ხოლო ერთი - ვინმე აიოიანი - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.