
რუსეთმა უკვე დახარჯა რაკეტების სამი მეოთხედი, პუტინს დარჩენილი აქვს მხოლოდ 25%. თუ კრემლი გადაწყვეტს კვლავ განახორციელოს მასიური სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე, ის ამოწურავს მთელ მის ხელშეუხებელ რეზერვს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
"გამოიყენეს 1844 რაკეტა, დარჩა 609. ანუ მათ გამოიყენეს რეზერვების სამი მეოთხედი. შემდეგს ჰქვია "სტრატეგიულად ხელშეუხებელი რეზერვი", რომელიც აუცილებელია და მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის" - ამბობს არესტოვიჩი.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების მესამედის მწყობრიდან გამოსაყვანად ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერი ისევ ამუშავდა - "პუტინმა უბრალოდ გადაყარა ფული" - ამბობს არესტოვიჩი.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია "განაიარაღებს საკუთარ თავს" და ახლა კრემლი დილემის წინაშეა - მიიტანოს შედარებით მცირე იერიშები უკრაინაზე, რასაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები მოიგერიებენ, თუ - თავდასხმები იყოს მასშტაბური, რაც რუსული მარაგების უმოკლეს დროში დახარჯვას გამოიწვევს.
არესტოვიჩის თქმით, კრემლს ჯერ კიდევ შეუძლია მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე, მაგრამ ეს იქნება "თვითმკვლელობა".
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია უახლოეს მომავალში ვერ აღადგენს რაკეტების მარაგს.
"რუსეთის გენერალური შტაბი და პუტინი ახლა კაზინოდან გამოსულ ორ კაცს ჰგვანან, ერთი სრულიად შიშველი, მეორე საცვლებით. შიშველი კი პუტინია, რომელიც ბრუნდება გენშტაბში და ამბობს, იცით, რატომ გცემდით ყოველთვის პატივს? იმის გამო, რომ ყოველთვის შეგიძლიათ დროულად გაჩერდეთ“, - იხუმრა არესტოვიჩმა.