ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე - შოლცი

გამოქვეყნდა:


ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა, –განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე. კონგრესში საქართველოდან დელეგაციაც მონაწილეობს.

„მოხარული ვარ, რომ ივნისში ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა – თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში. ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოჰყვეს. ეს არის ის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს, დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში. ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით.

რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია. რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას. ასე შეგვიძლია, დავიცვათ ევროპის ღირებულებები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი გაბედულად უნდა ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა შოლცმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე გუშინ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

შოლცის განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ შეაფასა და განაცხადა, რომ გზავნილი პოზიტიურია და იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს:

"იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გზავნილები გაჟღერდა არა ერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ყველა საუბრობდა, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოება  და ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენიებული საქართველო. ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აგვავსებს ოპტიმიზმით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, ოლაფ შოლცის ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო. 
ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების განწყობა აისახა პირდაპირ რეზოლუციაში, რომელიც ყრილობამ მიიღო, სადაც პირდაპირ ხაზგასმულია, რომ ეს პოლიტიკური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. 
ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვჭირდება რეფორმების გატარება და ამ ყველაფრის შემდეგ, დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება კანდიდატი ქვეყანა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს - ეს არის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება" ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი