
უცხოური მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ციხეში, სადაც პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქტივისტები იხდიან სასჯელს ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობებით, ციხეში სროლის ხმა ისმის.
აშშ-ში მოქმედი, ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრი იტყობინება, რომ ევინის ციხეში შეიარაღებული დაპირისპირებაა. მონიტორინგის ჯგუფის თქმით, სროლის ხმა ჯერ ციხის მე-7 პალატაში გაისმა, სადაც ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდებულები სხედან, შემდეგ კი დაპირისპირება ციხის სხვა უბნებზეც გავრცელდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულმა სააგენტო Fars-მა დაადასტურა, რომ ადგილობრივი დროით 22:00 საათის შემდეგ, ციხეში "ბუნტი" დაიწყო "კრიმინალების" მიერ. მათი ცნობით, პატიმრები დაუპირისპირდნენ ციხის მცველებსა და ცეცხლი წაუკიდეს ტანსაცმლის საწყობს.
Fars-ი ამტკიცებს, რომ ციხეში წესრიგი აღდგა და მეხანძრეები ცეცხლს აქრობენ. თუმცა, თვითმხილველები ისევ ავრცელებენ აფეთქებებისა და სროლების შესახებ ინფორმაციას.
reuters-ის ინფორმაციით, ციხეში ბუნტი მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ მასობრივ პროტესტს უკავშირდება