"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა" - ამ სახელწოდებით, ხვალ, 17 ოქტომბერს 9:00 საათზე თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება.
მოქალაქეები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და უწყების თანამშრომლებს აკისრებენ. ისინი მოითხოვენ, კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს:
"ორშაბათს, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით მერიის მთავარ შესასვლელთან. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე. გელოდებით ყველას, უთხარით თქვენი სათქმელი დამნაშავეებს" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვის+ აწარმოებდა. 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოზარდს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან გუშინ, 14 ოქტომბერს გაწერეს, მეორე მოზარდი კი 13 წლის ლაზარეა, რომლის მდგომარეობაც ქეიმების ცნობით, უკვე სტაბილურია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა.