
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტში სექსუალური ძალადობის საკითხებში, პრამილა პატენი ამბობს, რომ უკრაინაში გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა, რუსული "სამხედრო სტრატეგიის" ნაწილი და "მსხვერპლთა დეჰუმანიზაციის განზრახ ტაქტიკაა".
"ყველა ნიშანი არსებობს" - უთხრა მან AFP-ის კითხვაზე, გამოიყენებოდა თუ არა გაუპატიურება უკრაინაში ომის იარაღად.
"როცა ქალებს დღეებით აკავებენ და აუპატიურებენ, როცა იწყებ პატარა ბიჭებისა და კაცების გაუპატიურებას, როცა ხედავ გენიტალური დასახიჩრებების სერიას, როცა გესმის ქალების ჩვენება ვიაგრათი აღჭურვილი რუსი ჯარისკაცების შესახებ, ეს აშკარად სამხედრო სტრატეგიაა და როცა დაზარალებულები აცხადებენ, რა ითქვა გაუპატიურების დროს, ეს აშკარად მიზანმიმართული ტაქტიკაა მსხვერპლთა დეჰუმანიზაციისთვის" - თქვა მან.
პატენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან, გაერომ გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის "ასზე მეტი შემთხვევა" დააფიქსირა.
"სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ მოხსენებაში დადასტურებულია რუსული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და შეგროვებული ჩვენებების მიხედვით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ასაკი 4-დან 82 წლამდე მერყეობს", - თქვა პატენმა.
მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები და გოგოები არიან, თუმცა ასევე არიან ბიჭებიც და კაცებიც.
"ძალიან ბევრი შემთხვევაა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა. მათ აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ატყვევებდნენ", - თქვა პატენმა.
პეტენმა აღნიშნა, რომ "მოხსენებული შემთხვევები მხოლოდ აისბერგის წვერია".
"ძალიან რთულია აქტიური კონფლიქტის დროს სანდო სტატისტიკის ქონა და რიცხვები ვერასოდეს ასახავს რეალობას, რადგან სექსუალური ძალადობა ჩუმი დანაშაულია", - თქვა მან.