
ირანში, ევინის ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხიდან რვამდე გაიზარდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ათობით ადამიანი დაშავდა შაბათს ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად.
ციხეში ასობით ის ადამიანი იყო მოთავსებული, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებში მონაწილობდნენ.
ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ ხანძარი ციხის სახელოსნოში პატიმრებს შორის ჩხუბის შემდეგ გაჩნდა. სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ეს იყო "წინასწარ განზრახული" გაქცევის გეგმა, რომელიც თეირანის ციხეების უფროსის თქმით, უსაფრთხოების ძალებმა ჩაშალეს.
იმავდროულად, საპროტესტო აქციები გაგრძელდა ღამით, მათ შორის თეირანის უბნებში.
ცნობისთვის, პროტესტი 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. მოგვიანებით სამართალდამცავების მიერ ნაცემი გოგო კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა.