"მნიშვნელოვანია, ხომ არ მომხდარა ჩვენ წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილებები" - LMC-ის წარმომადგენლები გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიციაში კომპანია "ელემსის" წარმომადგენლები გამოკითხეს. მათ შორის დირექტორი, დამფუძნებელი და არქიტექტორი. შადრევნი, დამხმარე ინფრასტრუქტურა  და ელექტროგაყვანილობა სწორედ ამ კომპანიამ დააპროექტა.

ადვოკატის განმარტებით, ყველა სამუშაო ევროპული სტანდარტების შესაბამისად შესრულდა. მისი თქმით, რამ გამოიწვია ტრაგედია ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რა შემოწმება ჩაუტარდა შადრევანს ექსპლუატაციაში გაშვებამდე, ამ საკითხზე საუბარი არ არის მათი კომპეტენცია.

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, რომ ელემსის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია პასუხობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს. ხომ არ შეიტანეს ჩვენი კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე ცვლილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი თანხმობა იქნებოდა საჭირო, მაგრამ არც ერთ ეტაპზე არ მოუმართავთ. აქედან გამომდინარე, კორექტირების ან საავტორო ზედამხედველობის განხორციელების აუცილებლობაც არ დამდგარა", - თქვა ზაზა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. მასთან ერთად დაშავდა კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. სამი ბავშვი ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი