როცა ადამიანი განზრახ მოკლეს 26 მაისს, თავი იმართლეს დენმა დაარტყაო - ვოლსკი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იკვებება ვითარებით, რომელიც პერიოდულად საქართველოში იქმნება - აცხადებს "ოცნების" დეპუტატი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას და ამბობს, რომ "გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პიროვნებებზე" მაშინ, როცა ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა, "პოლიტიკური მიზნების რეალიზებაა". ვოლსკის თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ის ვაკის პარკის ტრაგედიას 2011 წლის 26 მაისის ტრაგედიას ადარებს:

"რასაკვირველია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ვისი ბრალეულობაც არის, მერი იქნება თუ კონკრეტული შემსრულებელი, არავის უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ რეალობა ერთია - როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმართლეს იმით, რომ ამას დენმა დაარტყაო. ეს შემთხვევა 26 მაისს მოხდა. მაშინ, ჟურნალისტები დარბოდნენ, პანაშვიდზე მისულ ხალხს ატერორებდნენ და იმ ადამიანის კუბოს, რომელიც ცემით მოკლეს, თავი არ აახდევინეს. თავს იმით იმართლებდნენ, რომ დენმა დაარტყა, თურმე ეს ნორმალური ამბავი ყოფილა. მე წინ მორალურ მხარეს დავაყენებდი, რომელიც ზოგიერთ პარტიას და სუბიექტს საერთოდ არ გააჩნია ქვეყნის წინაშე. აქ კახა კალაძეზე და ჩემზე არ არის საუბარი. უნდა დადგინდეს მიზეზები და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვისი პასუხისმგებლობაა.

იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ამ ყველაფერს სიცილ-კისკისით ჰყვებიან და აქციებზე საუბრობენ, მათ, ვინც ლექსო ლაშქარავას სურათით ინიავებდა, რადგან თურმე სცხელოდათ, მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ, ვის უფრო სტკივა იმ პატარა გოგოს გარდაცვალება" - ამბობს ვოლსკი.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ორმა მოზარდმა კი რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ტრაგედიას პასუხისმგებელი პირი ამ დრომდე არ ჰყავს. პოლიციაში დაკითხვები მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი კალაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და გადადგომისკენ მოუწოდებს, თუმცა მერი ამაზე არაფერს ამბობს. მისი თანაპარტიელები კი საერთოდ ვერ ხედავენ კალაძის პასუხისმგებლობას
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი