თბილისის მერიასთან ამ წუთებში საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები არიან მისულები. ისინი მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ და ამბობენ, რომ კახი კალაძესთან კითხვები აქვთ.
ადგილზე არიან ირაკლი ნადირაძე, საბა ბუაძე, ვატო სურგულაძე, ნინო კვიტაიშვილი. მათ დაცვა ვერ სცემთ პასუხს, ზუსტად რომელ საათზე დაიწყება სხდომა და შეუუშვებენ თუ არა მათ პროცესზე.
"დღის წესრიგი, რომელიც არის გადმოგზავნილი და ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, არის უბრალოდ წარმოუდგენელი, გაუგონარი რამ, ნათლად მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი მორალი არ გააჩნიათ, და არაფერს ისინი არ აპირებენ, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და არც მორალური პასუხისმგებლობის აღებას. დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოტანილია 12 საკითხი, პირველი მეორეს საკითხი არც მეტი, არც ნაკლები არის კონცერტების ორგანიზება, პირველი არის ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზება და მისი დაფინანსება, მეორე თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტის დაფინანსება", - თქვა ნადირაძემ.
მისი თქმით, ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოება ბევრი მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ იგივე აღარ განმეორდეს.