სავაჭრო ოპერაციები, პროდუქციის ტრანსპორტირება, ქონების პრივატიზაცია - რა ეზღუდება ივანიშვილის გარემოცვას დასანქცირებით?

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის ოჯახისთვის უკრაინის მიერ სანქციების დადებას, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. ის იმ შეზღუდვებზე საუბრობს, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიგარქის გარემოცვას შეეხება: 

"ამ ადამიანებს შეეზღუდებათ სავაჭრო ოპერაციები უკრაინის ტერიტორიაზე, პროდუქციის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის შესაძლებლობა, შეეზღუდებათ უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა, გაუქმდება და შეუჩერდებათ ყველანაირი ლიცენზია, აეკრძალებათ ქონების პრივატიზაცია - შეძენა, შეეზღუდებათ საკუთრების უფლება და ვერ გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიულ წყლებს და საჰაერო სივრცეს" ამბობს ხოშტარია. 

მისივე თქმით, ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირება არის გაფრთხილება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და სწორედ მის ოლიგარქიულ საქმიანობას უკავშირდება. დასანქცირების მთავარი მოტივი კი კრემლთან კავშირებია.

როგორც ხოშტარია აცხადებს, უკრაინამ ამ გადაწყვეტილებით გამიჯნა ივანიშვილის კლანი და საქართველოს სახელმწიფო, არ დაასანქცირა ქვეყანა და დაასანქცირა უშუალოდ ქვეყნის დე ფაქტო მმართველის ახლო გარემოცვა.

როგორც ის ამბობს, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ისინიც შეუერთდნენ უკრაინას და მათაც დააწესონ სანქციები.

"დროას" ლიდერის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ პარტნიორებთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ გაფართოვდეს როგორც ინდივიდუალური სანქციების სია, ისე იმ ქვეყნების სია, რომლებიც შეზღუდვებს აამოქმედებენ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. 

პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს ახალი სანქციების სია გამოქვეყნდა, რომელშიც მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ძმის ცოლი, საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, მისი შვილი ტატე, ასევე დავით იაკობაშვილი ალექსანდრე ჯაფარიძე და გიორგი ჯაფარიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი