
"ტოტალურია ქალთა მიმართ სიძულვილი" - წერს უფლებადამცველი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის საქმის კონტექსტში.
ანა აბაშიძე, რომელიც დოროყაშვილის უფლებებს იცავს, წერს, რომ სასამართლოს თანამშრომლები ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ, პოსტის კომენტარებში კი აკონკრეტებს, რომ ამას ქალები აკეთებენ:
"სავარაუდოდ ხვალ ნიკოლოზ ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ. თან მოსამართლის კარიდან შემოვიდნენ შესვენების დროს. ასეთი არაფერი მინახავს, გამიგია.
ტოტალურია ქალთა მიმართ სიძულვილი. აქ სუნთქვაც ჭირს. არ ვიცი, ამ გარემოში როგორ შეიძლება, ვინმემ ობიექტურობა შეინარჩუნოს,“ - წერს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველი ანა აბაშიძე.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. თითქმის ორწლიანი სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება.