კრიტიკული მედიის კონტროლის მცდელობის შემდეგ, "ქართული ოცნება" ამჯერად ენერგეტიკისა და წყალმამარაგების სფეროს ხელში ჩაგდებას ცდილობს.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომებზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ, რომელთა მიხედვით, მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს უფლება ექნება, კომპანიებს აუკრძალოს წილებისა და აქციების 5%-ზე მეტის გასხვისება.
აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კანონპროექტის მიღება "ქართულ ოცნებას" მისცემს საშუალებას, უხეშად ჩაერიოს ბიზნესში და საინვესტიციო გარემოზეც უარყოფითად იმოქმედებს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები ენერგეტიკის სექტორს ჩაკეტავს და ინვესტორებსაც დააფრთხობს.
გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირ კორუფციულ ზრახვებზე მიუთითებს, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში, რომელიც ჰაერივით გვჭირდება, - ამტკიცებს "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.