ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ოლიგარქების გარდა უნდა დაიწყოს იმ ადამიანების სასანქციო სიებში შეყვანაზე მუშობაც, ვინც რუსულ აგრესიას საკუთარი პროპაგანდისტული განცხადებებით უჭრეს მხარს, იძლევა დავალებებს და ამ ყველაფრის მთავარი იდეოლოგია ქვეყანაში.
ხაბეიშვილი ასეთებად "ოცნების" სამ ლიდერს - ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და კახა კალაძეს ასახელებს და ამბობს, რომ თითოეული მათი განცხადება, რომელიც თებერვლიდან მოყოლებული, რუსული აგრესიის პირველივე დღიდან, აქვთ გაკეთებული, იქნება დოკუმენტირებული:
"თქვენ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი ყველა შემდეგი განცხადების დროს. ყველა თქვენი განცხადება იქნება დადოკუმენტირებული და თქვენზე [კობახიძე], მდინარაძეზე და კალაძეზე ვიმუშავებთ მეც, ჩემი პარტიაც, ჩემი მეგობრებიც და ანტიკორუფციული მოძრაობაც, რომ ყველაფერი იყოს გაშიფრულად დადოკუმენტირებული, რომ თქვენ მონაწილეობთ რუსული აგრესიის მხარდაჭერაში საქართველოში და არათუ მონაწილეობთ, ხართ მთავარი ორგანიზატორები და დავალების მიმცემები ისევე როგორც ალტინფო და სუბარის პარტია.
ამ სამ ადამიანს ძალიან, ძალიან ბევრი სანერვიულო გექნებათ, თქვენ ამას უახლოეს პერიოდში ნელ-ნელა იგრძნობთ." ამბობს ენმ-ს წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმა და დეიდაშვილი უკრაინამ 20 ოქტომბერს დაასანქცირა. უკრაინის ხელისუფლებამ ალექსანდრე ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს გაუყინა ყველა აქტივი უკრაინის ტერიტორიაზე, შეუზღუდა ფინანსებზე წვდომა, აუკრძალა კომერცია და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა უკრაინის გავლით.
სანქციები შეეხება ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლესაც და უჩა მამაცაშვილს შვილს, ტატესაც.